ქსნის ხეობა გაზეთ „დროების“ ფურცლებზე

  • David Akhlouri ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-1068-4042

Resumen

ნაშრომში გაანალიზებულია გაზეთ „დროებაში“ ქსნის ხეობის შესახებ გამოქვეყნებული მასალები, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ შევისწავლოთ XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX დასაწყისში ოკუპირებულ ახალგორის მუნიციპალიტეტში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ვითარება. გავეცნოთ რეგიონში არსებულ რელიგიურ და ეთნოგრაფიულ ყოფას, გამოჩენილ ადამიანთა ღვაწლს, ქართული ეკლესია-მონასტრების იმჟამინდელ მდგომარეობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

გაზეთში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორები, ძირითადად, ფსევდონიმით წერდნენ, რაც, ჩვენი დაკვირვებით, უფრო მეტად უადვილებდათ იმ პერიოდში არსებული პრობლემებისა და მანკიერი მხარეების დაუფარავად წარმოჩენას. გაზეთის სარედაქციო პოლიტიკაც აქეთ იყო მიმართული - საზოგადოებაში დამკვიდრებულიყო მართლის თქმის პრინციპი და უბრალო ხალხს შეჭირვებული ყოფისთვის თავი დაეღწია. პირველ რიგში, რითაც ქსნის ხეობისადმი მიძღვნილი სტატიების პათოსია განმსჭვალული, ესაა გლეხების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ცხოვრებაში წარმატების მიღწევისა და ჩაგვრისაგან თავის დაღწევის მთავარ იარაღად სწავლა-განათლების მიღება იყო მიჩნეული. პუბლიკაციებში ნაჩვენებია, თუ როგორ სარგებლობენ სხვადასხვა კატეგორიის მედროვენი, განსაკუთრებით ვაჭარ-ჩარჩები, საზოგადოების უდიდესი ნაწილის წერა-კითხვის უცოდინრობით, ამიტომ მეტი ყურადღება მახვილდება სკოლების გახსნის მნიშვნელობაზე.

ქსნის ხეობის მოსახლეობას ოდითგან განსაკუთრებით აწუხებდა უგზოობა, რის გამოც სოფლები თვეობით წყდებოდნენ ერთმანეთსაც და გარესამყაროსაც. გაზეთი ამ პრობლემებზეც ხშირად ამახვილებს ყურადღებას.

ქსნის ხეობისადმი მიძღვნილ პუბლიკაციების მნიშვნელოვან ნაწილს ლაიტმოტივად გასდევს ჩვენი დიდებული წარსულის შეხსენება და ტკივილიანი აწმყოს წარმოჩენა.

 

საკვანძო სიტყვები: ქსნის ხეობა, დუშეთის მაზრა,  ეკლესია-მონასტრები, უგზოობა, ვაჭარ-ჩარჩები, სკოლების გახსნა, სწავლა-განათლება, მასწავლებელი, ხვნა-თესვა.

Publicado
2025-12-29
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.