ქსნის ხეობა და წმინდა მიწა

  • GIORGI SOSIASHVILI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საქართველო, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #53 http://orcid.org/0000-0002-2406-8662

Resumen

შუა საუკუნეებში ქართველ წარჩინებულებს ძალზე აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ წმინდა მიწასთან. იერუსალიმში არსებული  სავანეებისადმი არამარტო საქართველოს სამეფო ხელისუფლება იჩენდა დიდ ყურადღებას, არამედ სხვადასხვა ფეოდალური საგვარეულოც, რაც დასტურდება მათ მიერ ქართველი სასულიერო მოღვაწეების მიერ დაარსებული მონასტრებისადმი ბოძებული შესაწირით,  საქართველოდან გაგზავნილი მრავალჯერადი ფულადი დახმარებით, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სასულიერო ცენტრებისათვის გადაცემული მამულებით. მაგ. იერუსალიმის წმ. ჯვრის მონასტერს თავისი ქონება გააჩნდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის შიდა ქართლში, კერძოდ, სოფ. დირბში, სადაც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია იყო. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დირბში მყოფი წინამძღვარი "მოსავალს ვერცხლად გზავნის იერუსალემს“. დირბი ჯერ კიდევ სიმონ I-ს (1556-1600 წ.წ.) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის, ეს შეწირულება ჯერ ქართლის მეფე როსტომმა, ხოლო მოგვიანებით, ვახტანგ V-ემ, ბოლოს კი ერეკლე II-ემ (1786 წელს) განაახლეს. შიდა ქართლში მაცხოვრის წმინდა საფლავს ეკუთვნოდა სოფელი თერგვისი, რომელიც ქართლის მეფემ ლუარსაბ II-ემ ქრისტიანთა სათაყვანებელ ადგილს 1624 წელს შესწირა (ნ. ხუციშვილი, 2006: 41). ოდნავ  გვიანდელი დოკუმენტით (1640 წ.) ირკვევა, რომ თერგვისს ქრისტეს საფლავის მსახური ქართველი სასულიერო პირი მეთვალყურეობდა. მაცხოვრის წმინდა საფლავს დიდი ლიახვის ხეობაში ეკუთვნოდა სოფელ ხვითის მიმდებარე ტერიტორია(სოფელი ხვითი სოფ. ნიქოზს ემეზობლება). 1624 წლით დათარიღებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ხვითის ბოლოს არსებული ტერიტორია("რხუითის ბოლოს მიწები") დაღლაძეებს შეუწირავთ ქრისტეს საფლავისთვის. დაღლაძეების, იგივე დოღლაძეების  ამოვარდნილი ფეოდალური საგვარეულოს მამულები როგორც 1432 წლის თირის მონასტრისადმი მოლარეთუხუცეს ხელა თავხელისძის მიერ ბოძებული სიგელიდან ირკვევა, თავხელისძეებს ჰქონდათ საკუთრებაში. დოღლაძეების ფეოდალური სახლი XV საუკუნის დასაწყისში ამოვარდა და მათი მამულები მეზობელმა წარჩინებულებმა დაისაკუთრეს. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაცული აღაპებში ძალზე საინტერესო ინფორმაციაა დაცული  ქართველი წარჩინებულების შესახებ, რომლებიც წმინდა მიწაზე არსებულ ამ გამორჩეულ სასულიერო ცენტრს დახმარებას უწევდნენ.

საკვანძო სიტყვები: წმინდა მიწა, ქართველი დიდგვაროვნები, შიდა ქართლი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ქართველი სასულიერო პირები.

Publicado
2023-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია