სამყარო და ქვესკნელი ხეთებთან და პარალელები უძველეს ქართულ რწმენა–წარმოდგენებთან
Resumen
ხეთურ რწმენა-წარმოდგენებზე, რელიგიაზე, მითოლოგიაზე, რიტუალებზე გავლენა იქონია სხვადასხვა ხალხის (ხათური, ხურიტული, მესოპოტამიური) შეხედულებებმა და ბუნებრივია მათ შორის ბევრი საერთოც შეიძლება ვიპოვნოთ. ხეთურ რწმენა-წარმოდგენებს გარკვეული პარალელები მოეძებნება უძველეს ქართულ რწმენა-წარმოდგენებთანაც, რომელსაც სტატიაში შევეხებით. სტატიაში განხილულია ხეთების წარმოდგენები სამყაროზე, ქვესკნელზე, ასევე განხილულია ქვესკნელის ღვთაებების ფუნქციები. ყურადღებაა გამახვილებული რიცხვთა და ფერთა სიმბოლიკაზე და სხვა მრავალ ასპექტზე, რომელსაც ხეთების მსგავსად პარალელები მოეძებნება მესოპოტამიურ და წინარე ქართულ კულტურაში.
ხეთების წარმოდგენით სამყარო ერთ დროს ცის და მიწის ერთიანობას ქმნიდა, რომელიც შემდეგ გაიყო. როგორც ტექსტებიდან ჩანს, გაყოფის შემდეგ ცალ-ცალკე სამყაროებად ჩამოყალიბდა ცა და მიწა, ზოგჯერ მიწა ქვესკნელის აღმნიშვნელადაც იხმარებოდა. საერთოდ ხეთები სამყაროს სამ ვერტიკალურ ნაწილად ჰყოფდნენ: ცა, მიწისქვეშეთი და მათ შორის მდებარე სივრცე. სამყარო წარმოდგენილი იყო ჰორიზონტალურად დისკოს სახით, ზედა ნახევარი ეჭირა ცას, ქვედა ნახევარი მიწას, შუაში იყო ატმოსფერო. ჰორიზონტალურ სივრცეში არსებობდა “სამყაროს ოთხი კუთხე” (სამყაროს ოთხი მხარე). შუამდინარული წარმოდგენით კი არსებობდა ცის შვიდი შრე, შვიდი ცა. ქართულ ფოლკლორში ვხდებით გამოთქმას: „მეცხრე ცა”, „მეცხრე ცაზეა”, რაც ცის ცხრა შრეზე შეიძლება მიუთითებდეს. ხეთებთან ცა ასე დაშრევებული არ ჩანს, ის ერთიან მტკიცე, სავარაუდოდ რკინის მატერიას წარმოადგენდა. მიწა კი იყოფოდა სამ შრედ: მიწის ზედა ნაწილი „ზედა მიწა”, რომელიც არის მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა სამყოფელი; შემდეგ „შუა მიწა”, სადაც იყო მიწისქვეშა წყლები. უფრო სიღრმეში კი იყო „ქვედა მიწა.” – ქვესკნელი.
ქართულ სინამდვილეში ქრისტიანობამდელი კოსმოგონიური წარმოდგენებით სამყარო წარმოდგენილი იყო გეომეტრიულად, სფეროს სახით, რომელიც შემოსაზღვრული იყო ზღვით ან მთებით, ქვეყნის დასასრულს იდგა სიცოცხლის ხე (ბოძი, კოშკი, რქები, ციდან დაშვებული ჯაჭვი და სხვ.), რომელიც აერთებდა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროებს. სფერო შედგებოდა სამი ჰორიზონტალური და ორი ვერტიკალური ფენისაგან, რომლებიც შემდეგნაირად იყო განლაგებული: სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა შუასკნელი (მიწის ზედაპირი - ადამიანთა, ცხოველთა, მცენარეთა სამყარო, შეესატყვისება წითელი ფერი), მის ზევით განფენილი იყო ზესკნელი (ზეციური, ღმერთისა და ღვთისშვილების სამყარო, გამოხატული თეთრი ფერით), ქვევით – ქვესკნელი (მიწისქვეშეთი, გარდაცვლილების, ხთონური სამყარო, შავი ფერის), წინ – წინასკნელი (ნათელი, ბარაქიანი სამყაროა, შეესატყვისება „აქ“) და უკან – უკანასკნელი (წარსულის სამყაროა, ბნელი, საიდუმლო, მოულოდნელობებითა და ფათერაკებით სავსე, შეესატყვისება „იქ” (ამ მხრივ საინტერესოა ქართული ხალხური ზღაპრების დასასრული სიტყვები: „ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა“). ამის გამო ბევრი წეს-ჩვეულების შესრულებისას იკრძალება უკან მიხედვა). ვერტიკალური სამყაროები ერთმანეთისგან გამოყოფილია ჰაერით და მიწით, ჰორიზონტალური კი შვიდი (ცხრა) მთით ან ზღვით. ეს სისტემა შემოსაზღვრული იყო გარესკნელით. ქართული ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალის საფუძველზე, როგორც აღვნიშნეთ, სკნელები გამოხატული იყო კონკრეტული ფერთა სიმბოლიკით: თეთრი, შავი და წითელი. ზუსტად ანალოგიური ფერთა სიმბოლიკით (შავი, წითელი, თეთრი) არის გამოხატული შუამდინარულ მითოლოგიაშიც სამივე სკნელი. სკნელების ფერთა ამგვარ სიმბოლურ გამოხატულებას ხეთებთან არ ვხვდებით, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვესკნელი მათთანაც შავი ფერით იყო გამოხატული (შავი/ბნელი მიწა = ქვესკნელი).
ცისა და მიწის გაერთიანების სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენდა კიბე, ხე, ბოძი და მისთ. ხეთებთან ცისა და მიწის შემაერთებელი, კოსმიური მაკავშირებელი უნდა ყოფილიყო კიბე. შუამდინარული მითოლოგიაში ვხდებით ტერმინს „დურანქი“ – კოსმიური შუაგული, რომელშიდაც გადის სამყაროს „დიდი ღერძი“. აქადურში გვხვდება ცის და მიწის შემაერთებელი მცენარე. ქართულ მითოლოგიაში კი გვხვდება „შიბი“, ესაა ცისა და მიწის (ცა და ქვეყნის) შემაერთებელი, დამაკავშირებელი ოქროს ჯაჭვი. ასევე, საინტერესოა, რომ ბაბილონური მითოლოგიის მსგავსად ხეთურშიც გვხვდება სიცოცხლის ხე, რომლის ფესვებიც ქვესკნელის იმიტაციაა, ფოთლები კი ცის. ანლოგიურადაა ქართულ წარმოდენებშიც, არსებობდა წმინდა ხე, სიცოცხლის ხე (მაგ. მუხა), რომლის ფესვები ქვესკნელს, ტანი შუასკნელს, კენწერო ზესკნელს განასახიერებდა თავისი ბინადარი არსებებით. ქართულ წარმოდგენებში წმინდა ხის, სიცოცხლის ხის იმიტაციაა ქართული დარბაზის დედაბოძიც, რომელიც სახლში ცენტრალურ ადგილზე იყო განთავსებული და განასახიერებდა კოსმიურ კავშირს.
ძველ აღმოსავლეთში ძალიან ხშირად ვხვდებით რიცხვთა სიმბოლიკას, ბუნებრივია არც ხეთური სამყაროა გამონაკლისი და ამ მხრივ საინტერესოა რა თქმა უნდა ქართული რწმენა-წარმოდგენებიც. უძველესი დროიდან სხვადასხვა ხალხთა რწმენა-წარმოდგენებში რიცხვებს მაგიური დატვირთვა ჰქონდა, ზოგიერთ რიცხვს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა. მაგ.: 3, 4, 7, 9, 12. რიცხვებში, პირველ რიგში, სამყაროს გაგებისა და აღწერისათვის აუცილებელი კოდი იყო ჩადებული და ამდენად მათ საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ მინიჭებული. მაგ.: წინარე ქართული წარმოდგენებით მზე უზენაესი ღვთაება იყო, ცხრა კი მზის, როგორც მუდმივი წრებრუნვის, განახლების, მარადიულობის, სიმბოლური რიცხვია, ხოლო სიმბოლო კი თვალი (ყოვლისმხედველი), აქედან გამონათქვმი „ცხრათვალა მზე“, ანუ ყოვლისმხედველი. ხეთების წარმოდგენითაც სამყაროს ერთიანობას მზის ღვთაება გამოხატავდა, რომელიც განასახიერებს კავშირის ცასა და მიწისქვეშეთს შორის, ანუ იგი არის უზენაესი გამგებელი ცაში და ქვესკნელში არსებული ყველა ღვთაებისა.
ხეთების მსგავსად იყო ქართულ რწმენა-წარმოდგენებშიდაც, სკნელებს შორის გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდა. განსხვავებით შუამდინარული წარმოდგენებისაგან, სადაც მიწისქვეშა სამყარო მკაცრადაა გამიჯნული მიწის ზედა სამყაროსაგან.
ხეთების მიერ წარმოდგენილ თითოეულ სამყაროს ჰყავდა თავისი ღვთაებები, რომლებიც ხეთურ ტექსტებში გვხდება შემდეგი სახით: „ცის“, „მიწის“ და „ქვემო/ძველი“ ღვთაებები. როგორც ხეთური ასევე წინარე ქართული რწმენა წარმოდგენებით, დაავადებებს იწვევედნენ ავი სულები, რომლებიც ქვესკნელთან/მიწასთან არიან დაკავშირებულნი, ამიტომ ავი სული შეიძლებოდა ადამიანში გადასულიყო ძირითადად მიწიდან და ზოგჯერ წყლიდანაც. შესაბამისად ხეთებთან არსებობდა რიტუალები, რომლებიც წმენდდა ყოველგვარი უკეთურებისგან სახლს, ეზო–კარმიდამოს, წინარექართული წარმოდგენების მიხედვით კი სპეციალური შელოცვებითა და რიტუალებით ცდილობდნენ დაავადებულის განკურნებას.
საყურადღებოა ის, რომ ხეთებთან, ისევე როგორც მესოპოტამიურ წარმოდგენებში მიწისქვეშა წყლებს, ქვესკნელის წყლებს ხშირად ვხვდებით რიტუალებში. როგორც ზღვა, ასევე მდინარეებიც ცხრა არსებობს. ცხრა წარმოადგენს რთულად დასაძლევ ბარიერს. ვისაც სურს სრულყოფილება ეს ბარიერი უნდა დაძლიოს, გადალახოს. როგორც ჩანს, ცხრას გარკვეული მაგიური დატვირთვა ჰქონდა, ზოგ შემთხვევაში განწმენდის ფუნქციაც. საინტერესოა, რომ ხეთურ, ისევე როგორც ქართულ მითოლოგიაში გვხვდება ცხრა ზეცა, ცხრა მთა, ცხრა ზღვა. საერთოდ წყალს როგორც ხეთებთან ასევე წინარე ქართულ რწმენა წარმოდგენებში განმწმენდი ფუნქცია ჰქონდა.
საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია, ძველი აღმოსავლეთი, მცირე აზია, ხეთები, კოსმოლოგია, მითოლოგია, ქვესკნელი, სამყარო, ცა, მიწა.











