ფრონის ხეობის სოფლების ეთნოგრაფიული მასალები საექსპედიციო ჩანაწერების მიხედვით
Resumen
ამა თუ იმ მდინარის ხეობა ზოგადად წარმოადგენდა ადგილს, რომლის გარშემო უძველესი დროიდან კომპაქტურად იქმნებოდა დასახლებები (სოფლები), ამიტომაც პროფესორი სერგი მაკალათია თავის ძირითად პუბლიკაციებს ხეობების სიახლოვეს განლაგებული სოფლების ისტორიისა და ეთნოგრაფიის აღსაწერად უწოდებს: ,,ატენის ხეობას’’, ,,ლიახვის ხეობას’’, ,,ლეხურის ხეობას’’ და სხვ. ერთი ამათგანია მისი ნარკვევი ,,ფრონის ხეობა’’, რომელიც 1963 წელს გამოიცა. აღნიშნული ნაშრომი მოიცავდა ფრონეს ხეობის ისტორიულ-გეოგრაფიულ მიმოხილვას, მატერიალური კულტურის ძეგლების, შრომითი საქმიანობის აღწერას. წინა პუბლიკაციებისგან განსხვავებით, ნაშრომს არამცთუ ქვესათაურში, არამედ არც ეთნოგრაფიული მასალის წარმოდგენისას არ ამახვილებს ყურადღებას იმ მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალაზე, რაც შემოგვინახა 1944 წელს ს. მაკალათიას გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტით ჩატარებულმა საექსპედიციო ჩანაწერებმა. სამწუხაროდ, ნაშრომი შემონახულია მხოლოდ ხელნაწერის სახით. ექსპედიცია ჩატარდა 1944 წლის 20.07-20.08 აღმოსავლეთ ფრონეს, ანუ დვანის წყლის სოფლებში: საღოლაშენი, არადეთი, წვერი, ბრეთი, დირბი, ტახტიძირი, დვანი, ავნევი, ნული, არკნეთი. ამ სოფლების ჩამონათვალი ემყარება ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილ სიას (რამდენადაც ეს სოფლები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შედიოდნენ). როგორც გორის მუზეუმის ფონდებში დაცული საექსპედიციო ჩანაწერებიდან ვიგებთ, ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი ქალბატონი მარეხ ხუციშვილი და მასწავლებელი, ქალბატონი ნინო ყიფშიძე.
ექსპედიციის მასალები ჩაწერილია საკმაოდ დაბალი ხარისხის ქაღალდზე, თვით ქალბატონი მარეხის ხელით და წარმოადენს შავ ხელნაწერს, რასაც მოწმობს წაშლილი ადგილები და შესწორებანი.
ს. მაკალათიას აღნიშნული საექსპედიციო ჩანაწერები, საბჭოური ეპოქის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ დაურთავს ,,ფრონის ხეობის’’ ბოლო მონაკვეთისათვის, თუმცა თქმულებები და გადმოცემები თან ახლავს ისტორიული ძეგლების აღწერას.
საექსპედიციო მასალებში წარმოდგენილია ფაქტიურად მ. ხუციშვილისა და ნ. ყიფშიძის მოგზაურობის დღიური, რომელშიც ჩართულია როგორც ეთნოგრაფიული, ისე ფოლკლორული მასალა და წარმოადგენს შესანიშნავ ტექსტებს ეთნოგრაფებისათვის თუ ისტორიკოსებისათვის.
საკვანძო სიტყვები: საველე მუშაობა, საყოფაცხოვრებო ადათ-წესები, დაბადება, მიცვალებულის გაპატიოსნება.











