პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

  • Lia Bibilashvili ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გორი, ჭავჭავაძის ქუჩა N53, საქართველო http://orcid.org/0000-0001-8016-3544

Resumen

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ძლიერი ძვრები გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკაში. პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე განსხვავებულად აისახება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება მის დამარცხებას.

განსაკუთრებით სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიადგა ისეთ ქვეყნებს სადაც ეკონომიკაში დიდი ადგილი ეკავა ტურიზმს. ასეთ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც. მრეწველობის წილი ეკონომიკაში ამჟამად 2,5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 1980-იანი წლების ბოლოს. ამასთან, საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, შიდა სამომხმარებლო ბაზრის 70%-ზე მეტი იმპორტირებული პროდუქციაა.

ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორად ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც სამოგზაურო შეზღუდვები უკვე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაზეა გავრცელებული, ცხადია გავლენა ტურიზმის სფეროზე კიდევ უფრო გაიზარდა. სამოგზაურო შეზღუდვები და ჩაკეტილი საზღვრები საქართველოს ტურისტულ სექტორს აზარალებს.

ტურისტების შემცირება, ასევე აისახება სარესტორნო ბიზნესზე, სავაჭრო ობიექტების ბრუნვასა და ა.შ. ბიზნესზე ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ტურისტების შემცირება, არამედ სხვადასხვა შეზღუდვები, რომლებიც დისტანციების დაცვას ისახავს მიზნად. ეკონომიკური გავლენის შესაფასებლად შეიძლება აღინიშნოს, რომ მაგალითად ტურიზმის სფეროში 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ რესტორნებსა და სასტუმროებში 44 000 ადამიანი იყო დასაქმებული.

ზუსტი პროგნოზი პანდემია თუ რა ეკონომიკურ ზარალს მოიტანს შეუძლებელია, ვინაიდან ჯერ კიდევ გაურკვეველია რა ხასიათი ექნება ვირუსის ქცევას მომავალში. როგორც ჩანს, მეტად ზარალდება ტურიზმი, ტრანსპორტი, მცირე და საშუალო ბიზნესი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ნავთობის მოპოვება და ელექტრო ტექნიკა, საფინანსო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ხელოვნების, სპორტის, დასვენების და გართობის სფერო, ხოლო ყველაზე ნაკლებად-კვების ინდუსტრია, კავშირგაბმულობა, ელექტროენერგეტიკა, საერთაშორისო გადაზიდვები და სხვა.

საგრძნობია პანდემიის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროზე. მცირდება შემოსავალი (ტურიზმიდან, ექსპორტიდან, წმინდა ფულადი გზავნილებიდან), ასევე როგორც უცხოური, ისე შიდა ინვესტიციები, რაც უარყოფითად აისახა გაცვლით კურსზე და ა.შ.

შეზღუდვებთან ერთად და მათი მოხსნის შემდეგ ადგილობრივი და გარედან მოზიდული სახსრების საფუძველზე განხორციელდა ანტიკრიზისული ღონისძიებები ბიზნესის დახმარების, ტურიზმის ამოქმედების, სოფლის მეურნეობისა და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის, ასევე სოციალური დახმარებების მიმართულებით.

ეტაპობრივი შეზღუდვებით საქართველომ აირიდა კორონავირუსის ინფექციის ქვეყანაში სწრაფი და მასობრივი გავრცელება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შენარჩუნებული იქნა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური საქმიანობა. შეუფერხებლად მუშაობდა 63 ათასზე მეტი ეკონომიკური სუბიექტი.

განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ეკონომიკური აქტიურობაც თანდათან იზრდება, თუ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი წარმატებით განხორციელდა, საქართველოში 2022 წლიდან მდგომარეობა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას სწრაფად დაუბრუნდება.

საძიებო სიტყვები: ეკონომიკური კრიზისი, პანდემია, სტატისტიკა, რეგულაციები

Publicado
2022-12-18
Sección
Articles